.
გვითხრეს, დღევანდელი დღის რეფლექსია არ გევალებათო, მაგრამ არ უთქვამთ გეკრძალებათო, ამიტომ მინდა რამე დავწერო...
ეს არ არის რეფლექსია. მას ფიქრებს დავარქმევ... ფიქრებს შუაღამისას..
რატომ მოვედი?
იმიტომ, რომ :
- მიყვარს სიახლეები, მომწონს გამოწვევები და, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ვიღებ ისეთს, როგორიც ის არის;
- მინდა რაც შეიძლება მეტი მოზარდი დავაინტერესო ჩემი საგნით და, რადგან ვხედავ, რომ წიგნს კონკურენტი გამოუჩნდა, მინდა ცოდნა მისი ეფექტურად გამოყენებით მივაღებინო (მარტივად რომ ვთქვათ, ისტ "ჩავაყენო განათლებით დაინტერესების სამსახურში"). ამისათვის ჯერ მე უნდა დავეუფლო მას კარგად;
- იმედი მაქვს, აქ მიღებულ უნარ-ჩვევებს მაქსიმალურად გამოვიყენებ საკლასო გარემოში;
- და, ბოლოს, ვებრძვი ასაკს... კომპიუტერი ახალგაზრდობისთვის შექმნილი ჰგონიათ, მე კი მალე 60-ს გადავაბიჯებ...
რას ველოდი?
გაცნობას; მოლოდინების გამხელას; დღის შეჯამებას..
რა მოხდა?
არაფერი! არც გაცნობა, არც მოლოდინებზე საუბარი, მითუმეტეს, არც შეჯამება, მაგრამ მაინც დღე იყო საინტერესო და დამაფიქრებელი.
გავიგეთ :
- ტრენინგის მიზანი და ამოცანები;
- აქტივობები და მისაღწევი შედეგები, ანუ საბოლოო პროდუქტები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ სერტიფიკატის ბედი;
- მივიღეთ ინფორმაციები ინტელისა და ტრენინგის სხვა დამფინანსებლების შესახებ.
გასაკეთებელი ძალიან ბევრია და, ჩანს, არც ისე ადვილი, როგორც კომპიუტერში გაწაფულებს ჰგონიათ. მართალი გითხრათ, შრომატევადი და დაძაბული დღეები გველის წინ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვერ დავძლევ...
ტრენერი?
ველოდი კოლხური ადათებით ნასაზრდოებ ადამიანს და ვნახე პიროვნება, რომელსაც დიახაც აქვს კოლხური ზნე და თვითმყოფადობა, მაგრამ ჭარბად აქვს დასავლური იდეოლოგიის გავლენა (იქნებ, უბრალოდ მომეჩვენა?!)
დარწმუნებული ვარ, გვექნება საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული შეხვედრები. ერთი სიტყვით, რუბიკონს გადავლახავთ!!!
თუ ყველაფერი კარგად არის, რატომ განვმარტობდი საკუთარ თავთან შუაღამისას?
... "ეს მოკლავს ამას!" უმბერტო ეკოს "წიგნი თუ კომპიუტერი?" გამახსენდა. ნუთუ მართლა მოკლავს კომპიუტერი წიგნს? ეს ალბათ არ ნიშნავს კაცობრიობის დასარულს, მაგრამ გვინდა ასე გაგრძელება?
წიგნი არ დაგვჭირდებაო, საწერი არ იქნებაო...მეტკინა. მონატრებისა იყო ეს ტკივილი ... "დედა ენა მომენატრა (იაკობის "დედა ენა")". იას მინდოდა მოვფერებოდი, ჩემი ცხოვრების ციცქნა მეგზურს, მერე იხვის ყელის ფერები ამეკვიატა, ეჟვანი აჟღარუნდა, მაუდის ფორმიანი ჩემი ძმა დამიდგა თვალწინ (ახლა, რა თქმა უნდა, სასაცილოა), მერე წიგნიდან სკოლაში მიმავალმა წინსაფრიანმა და ბაფთიანმა ნათელამ შემომღიმილა... ეს ყველაფერი ვიღაცებისთვის სასაცილოა, ჩემი თაობისთვის კი, ნოსტალგია.
როგორ მიყოლებით გაქრნენ სახელმძღვანელოებიდან "ყაყიტას ქურდები", "მაგდანას ლურჯა", "ქაჯანა,""თინას ლეკური", აღარ იცრემლება ხევში გადაჩეხილი ღვინია... ჰოდა, ჩვენს ბავშვებს უკვირთ, ნოდარ დუმბაძის "კორიდაში" რატომ განიცდის ქართველი კაცი ხარის დამარცხებას ტორეადორთან. არ იციან რას ნიშნავდა მისი წინაპრისთვის ხარი და იმიტომ! არ ვასწავლოთ? არ წავაკითხოთ?
მონიტორს არა აქვს ის სითბო, რაც წიგნის ფურცლებს, კლავიატურა ვერ ჩააქსოვს შინაგან გრძნობებს ვორდის ფაილში! ეს ჯერ კალამმა უნდა გადაიტანოს შავით თეთრზე და მერე აიკრიფოს ციფრულად... ნეტა, დაწერდა ილია "ჩემო კალამოს" ,დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო?
ილიას ხსენებაზე გამახსენდა, არც მთლად უწიგნობა ვარგა და არც მხოლოდ წიგნებიდამ გამოხედვაო, რომ ბრძანა. ჰოდა, არც მთლად უკომპიუტერობა ვარგა და არც მხოლოდ კომპიუტერით აზროვნება. ზომიერება გვმართებს ალბათ...
"მიყვარდა კითხვა და ამ კითხვამ გადამარჩინა" - ეს გრიშაშვილია... მისი "ინფორმაციული ტექნოლოგია" მხოლოდ წიგნი იყო. ფიროსმანიც ფუნჯით ხატავდა, ინტერნეტქსელში არ უძებნია ფერები, მაგრამ მისი ტილოები მსოფლიომ ნახა. აღმაშენებელს ბრძოლის ველზე წიგნები მიჰქონდა. ჩვენ კი, კომპიუტერის თაობის უწიგნურებმა, მისი ქანდაკება გადავდგით და იმ ადგილას ველოსიპედის ძეგლი წამოვჭიმეთ. ვერ არის ეს კარგი საქმე, მე მგონი...
... "რომელი მეფე ერეკლე მე ვარ", მუხრანი გამახსენდა უნებლიეთ... ჩვენი ქვეყნისთვის ერეკლე მეფე უნდა ვიყოთ თითოეული, თორემ... "მოვიდნენ ვარანგნი..."
ეს ისე, ჩემთვის...