Friday, March 18, 2016

ფიქრები ტრენინგის შემდეგ

ინტელის ტრენინგის "პროექტებით სწავლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით" გავლა ჩემი  პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის აუცილებლად ჩავთვალე.
ტრენინგის დამთავრებიდან ერთი კვირის თავზე დავრწმუნდი, რომ მე ეს კურსი ნამდვილად უნდა გამევლო.
რა მომცა ტრენინგმა?

  • მასწავლა პროექტებით სწავლება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • მიმახვედრა შეფასების რუბრიკების შექმნის მექანიზმებს;
  • გამწაფა ციფრული რესურსების შექმნაში;
  • შემაძლებინა სწავლებისას საპრეზენტაციო პროგრამის ეფექტურად გამოყენება;
  • დამანახა საკუთარი შესაძლებლობები;
  • დავადგინე ჩემი პროფესიული საჭიროებები, რასაც გავითვალისწინებ მომავალში სამოქმედო გეგმის შედგენისას.
როგორ გამოვიყენებ ტრენინგზე მიღებულ ცოდნას?
მე უკვე დავიწყე ამ ცოდნის გამოყენება საკლასო გარემოში :
  • მოსწავლეებთან ერთად შევადგინე პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა;
  • დავგეგმე პროექტი მათთან ერთად და შევარჩიე ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები;
  • მოსწავლეები მეტი ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ სასწავლო პროცესში;
  • კომპიუტერის გამოყენების დროს ვარ გაცილებით უფრო თამამი, ვიდრე ტრენინგის გავლამდე ვიყავი.
როგორ გამოვიყენე წინა ტრენინგის, "ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საბაზო კურსი მასწავლებლებისათვის" გავლისას მიღებული გამოცდილება?
  • კომპიუტერის  ფლობის საბაზისო უნარები გამომადგა კარგად გამეაზრებინა ახალი მასალა (რისთვისაც  მადლიერი ვარ ბატონ ზურაბ მიქაიასი);
  • არ ვიბნეოდი ერთი აქტივობიდან მეორეზე გადასვლის დროს;
  • მეტ-ნაკლებად ვიგებდი და ვასრულებდი ტრენერის დავალებებს.
რა პრობლემა შემექმნა  ტრენინგის მიმდინარეობის დროს?
  • გადაუჭრელი და მოუგვარებელი პრობლემა არ შემქმნია;
  • დავბრკოლდი ბუკლეტის შექმნის დროს.
საბოლოო შეფასება:
  • მეტად საჭირო პროგრამა;
  • საბედნიეროდ, თანამშრომლობის უნარისა და სურვილის მქონე ჯგუფი;
  • წარმატების მთავარი გარანტი - საქმიანი, პროფესიონალი და, რაც მთავარია, ადამიანური თვისებებით დაჯილდოებული ტრენერი...
გმადლობთ, ბატონო დათო! უფალმა გაგაძლიეროთ და ჭკვიანი, საქმის ერთგული მსმენელი გიმრავლოთ!

Sunday, March 13, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო - შეჯამებისა და შეძენილი ცოდნის დემონსტრირებისა... ბუნებრივია, ვღელავდით. მიზეზი, ალბათ მასწავლებლის თანდაყოლილი თვისება იყო - ბოლომდე დაიხარჯები, სულს ჩაატან გასაკეთებელს და გინდა წარმოაჩინო შენი რუდუნება ... თავიდან ტექნიკური პრობლემა შეგვექმნა, დავიბენით, ვიწვალეთ, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა - "დაგვყვა ნებაზე" დალოცვილი კომპიუტერი, პროექტორმა "ხელი შეგვაშველა" ნამუშევრების "გამომზეურებაში" და გავიბადრეთ, დავმშვიდდით და მოვყევით : " ვაზის ისტორია", პროპორციისა და უკუპროპორციის ცოდნის სიკეთე, გავიგეთ, რატომ არ უნდა შეგვეშინდეს ძაღლის, როგორ დავიმახსოვროთ ცისარტყელას ფერების თანმიმდევრობა (წისქვილი ნელა ყვებოდა მეწისქვილის ცოლის ლამაზ ისტორიას), რა როლი აქვს გეომეტრიულ ფიგურებს ჩვენს ცხოვრებაში, მერე თამარსა და შოთას გადავწვდით... კარგი იყო, ნამდვილად კარგი! თურმე ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ ამაზე არცერთს არ გვიფიქრია. ამას მაშინ მივხვდით, როცა ერთმანეთს ვგულშემატკივრობდით, გვინდოდა ყველას მოეხდინა ზეგავლენა აუდიტორიაზე და კიდევ,- დამშვიდობებისას... სერტიფიკატი დავიმსახურე, ახლა ჩემზეა გამოვიყენებ თუ არა მიღებულ ცოდნას, ანუ დავიმსახურებ თუ არა კრედიტქულას! კი, მე ამას ნამდვილად შევძლებ - წინ ორი პროექტი, ორი სამოდელი გაკვეთილი და ერთი პრაქტიკის კვლევაა... ეს ყველაფერი სასწავლო წლის დასასრულამდე!..

პრეზენტაცია

Sunday, March 6, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ეს ბოლოსწინა დღე იყო და  უფრო მეტი დრო მეცხრე დღის დავალებების განხილვას დავუთმეთ.
  • ვიმუშავეთ პორტფოლიოს ატვირთვაზე;
  •  გავიხსენეთ Drive-ში მუშაობის წესები;
  •  თვითონ ავტვირთეთ  პროექტის პორტფოლიო;
  •  ვნახეთ ბუკლეტის შაბლონი; 
  • დავწერეთ კომენტარები ერთმანეთის რეფლექსიებზე;
რა მომცა დღევანდელმა ტრენინგმა?
  • ვისწავლე, რომ საპრეზენტაციო მასალაში აუცილებელია 4 სლაიდი :სათაური, მიზანი, დასკვნა და დამშვიდობება;
  • პრეზენტაცის დიზაინი არ უნდა იყოს შავ და ნაცრისფერ ფერებში;
  • სლაიდის ანიმაცია და დიზაინი ერთნაირი უნდა იყოს;
  • საპრეზენტაციო მასალა უნდა აიტვირთოს Drive-ში, ხოლო იქიდან - ბლოგში.
როგორ გამოვიყენებ დღეს მიღებულ გამოცდილებას?
  • გავითვალისწინებ რჩევებს საპრეზენტაციო მასალის შექმნის დროს;
  • ვეცდები შევქმნა ეფექტური პრეზენტაცია;
  • შაბლონის მიხედვით გავაკეთებ ბუკლეტის ნიმუშს;
  • მოვემზადები ჩემი    ნამუშევრების საინტერესოდ წარსადგენად.

Saturday, March 5, 2016

პროექტის პორტფოლიო

დააჭირეთ აქ და დაათვალიერეთ ჩემი პროექტის პორტფოლიო

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ Drive-ში  პრეზენტაციის ატვირთვისა  და ბლოგზე განთავსების უნარის განვითარებაზე.
ძალიან საინტერესო და შინაარსიანი დღე იყო. გავიხსენეთ და შევქმენით საპრეზენტაციო  მასალა. გაიფანტა მეცხრე დღის დავალებებთან (განსაკუთრებით, პრეზენტაციის მომზადება) დაკავშირებული  შიში. ნათქვამია, ეშმაკი არც ისე საშინელია, როგორსაც მას ხატავენო... არც პრეზენტაციის მომზადება ყოფილა გადაულახავი რუბიკონი... თუმცა, ყველაფერი მაინც მე-9 დღეს გაირკვევა...
რა მომცა დღევანდელმა ტრენინგმა?

  • დრაივ-ში მუშაობის გამოცდილება;
  • მოტივაცია, რაც შეიძლება მალე და ეფექტურად მოვამზადო პრეზენტაცია;
  • გავიგე, იმ ოთხი  სლაიდის შესახებ, რომელთა გარეშე პრეზენტაცია არ ჩაითვლება სრულყოფილად;
  • ვნახე ეფექტური დიზაინის ნიმუშები და ჩავინიშნე, რომ ფონი არ უნდა იყოს შავი ან ნაცრისფერი;
  • უკვე ვიცი, რომ სლაიდის დიზაინი და ანიმაცია ერთნაირი უნდა იყოს;
  • გავიგე შრიფტის, სურათების, დიაგრამებისა და ცხრილების შესაბამისობის პრინციპები.
როგორ გამოვიყენებ დღეს მიღებულ ცოდნას?

  • პირველ რიგში,  მომეცემა საშუალება, შევქმნა კარგი, დახვეწილი პრეზენტაცია;
  • შევძლებ  დავეხმარო მოსწავლეებს ასეთივე მასალის მომზადებაში; 
  •  გაიზრდება ჩემს მიმართ მოსწავლის ნდობის ხარისხი;
  • ვიქნები უფრო თამამი და თავდაჯერებული.

მოსწავლის პრეზენტაცია

Sunday, February 28, 2016

მეხუთე მოდულის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით :


  • განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები. ვისწავლეთ, როგორ შევაფასოთ მოსწავლის სწავლა  და როგორ ჩავრთოთ მოსწავლეები შეფასების პროცესში.
  • გავიაზრეთ, რაში დაგვეხმარება პროექტების შეფასების ცოდნა.
  • დავასკვენით, რომ დღევანდელი პრაქტიკული მუშაობით მიღებული გამოცდილებას გამოვიყენებთ 21-ე საუკუნის უნარებზე გათვლილი შეფასებების შექმნაში.
  • პროექტების შეფასების ცოდნა მოსწავლეებს დაეხმარება საკითხის სიღრმისეულად გაგებაში, კრიტიკული აზროვნების, თანამშრომლობის, ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების უნარების დაუფლებაში.
  • გავეცანით პრეზენტაციის რუბრიკების ახალ ვერსიას ქართულ ენაზე.
  • შევადგინეთ ახალი რუბრიკა ამავე აქტივობისთვის.
დღის შეფასება:
  • სასარგებლო პრაქტიკული საქმიანობები; 
  • უშუალო, თანამშრომლობითი გარემო;
  • გულახდილი დიალოგი ტრენერთან;
თვითშეფასება :
  • დავრწმუნდი, რომ დოკუმენტის"განმავითარებელი შეფასება" საფუძვლიანად ცოდნა აუცილებლად მჭირდება, რათა დავადგინო ჩემი ძლიერი მხარეებიც და საჭიროებებიც, მაგრამ რატომღაც კარგად ვერ გავიგე ხუთშტრიხიანი შკალის არსი. 
  •  მინდა ჯგუფში ერთობლივად დავამუშაოთ: "შეფასების დაგეგმვის ცხრილი", "შეფასების კრიტერიუმების ჩამონათვალი", "შეფასების დაგეგმვა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის"
  • მიუხედავად ამ პრობლემისა, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, მოტივირებული;

Saturday, February 27, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რაოდენ მნიშვნელოვანია საავტორო უფლებების დაცვა პროექტების შექმნის დროს, კერძოდ :

  • გავერკვიე, რას ნიშნავს საავტორო უფლებები;
  • რა არ არის დაცული საავტორო უფლებებით;
  • როდის არის დაშვებული ავტორის თანხმობისა და ჰონორარის გარეშე ნაწარმოების გამოყენება;
  • ვნახე და გავიაზრე ნაწარმოების გამოყენების  ლეგიტიმურობის 4 ფაქტორი;
  • ვისწავლე, რას ნიშნავს კანონიერად მოპოვებული ნამუშევარი;
  • ჩავწვდი მულტიმედიის გამოყენებისათვის მოსწავლისა და მასწავლებლის უფლებებსა და ვალდებულებებს.

კითხვები ტრენინგის ბოლოს:

  • მჭირდება თუ არა მე, როგორც მასწავლებელს იმ მასალების ცოდნა, რასაც დღეს გავეცანი?
  • რამდენად შესაძლებელია მათი დაზეპირება?
  • რაში დამეხმარება მათი ცოდნა? სად გამოვიყენებ მას ეფექტურად?
  • რას ითხოვს ჩემგან  " საავტორო უფლებების ქაოსი"?

ჩემი აზრით :
  • "საავტორო უფლებების ქაოსი" ჩემგან ითხოვს მულტიმედიის გამოყენებისას სხვისი უფლებების დაცვის აუცილებლობის გაცნობიერებას და ამ უფლებების პატივისცემას;
  • საპრეზენტაციო მასალის გაცნობა ჩემთვის აუცილებელი იყო, რადგან დღემდე წარმოდგენა არ მქონდა, ინტერნეტში მუშაობის კულტურაზე (ვფიქრობ, რომ წესებისა და კანონების დაცვა  შინაგანი კულტურის გამოხატულებაა...);
  • ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს ძნელი ამ რეკომენდაციების დაზეპირება, მაგრამ მე არ ვეცდები ამას. სამაგიეროდ, თითოეულ პუნქტს დავუბრუნდები  მანამ, სანამ შეგნებულად არ გავიაზრებ მათ;
  • და, ბოლოს, ამ ინსტრუქციებს გამოვიყენებ თუნდაც იმისთვის, რომ ჩემს მოსწავლეებს ვასწავლო წესებისა და კანონების პატივისცემა და შევაგნებინო, რომ წესები შექმნეს ადამიანებმა და ჩვენ, სხვა ადამიანები ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ისინი, რათა მოვაწესრიგოთ ქაოსი...
ფიქრები ტრენინგის ბოლოს:
  • ინტერნეტში მუშაობა სასწავლო პროცესის ეფექტურობის, ხარისხიანი, შედეგზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი მყარი გარანტია.
  • თუ რამე შეგვეშალა საავტორო უფლებებთან დაკავშირებით, უნდა  გათვალისწინონ, რომ ამ მასალას კომერციული მიზნით არ ვიყენებთ.

Sunday, February 21, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით
დღეს :

  • დავამუშავეთ გონებრივი იერიშის კითხვები. პროცესი საინტერესო და მაპროვოცირებელი იყო  -  თავდაპირველად შევავსეთ რუბრიკის   რამდენიმე გრაფა., ხოლო  თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ შევამოწმეთ ჩვენ მიერ დასმული კითხვების შესაბამისობა ნასწავლთან. სასიამოვნოა, რომ  კითხვების უმეტესი ნაწილი სწორად მოგვიფიქრებია.
  • განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ თემაზე "მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები".
რა მომცა ამ დოკუმენტმა?


  • მივხვდი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დანიშნულებას;
  • გავაცნობიერე ზოგადი შეკითხვის არსი;
  • ნაწილობრივ ჩავწვდი  მათ არსში და გავაცნობიერე განსხვავება ზოგადსა და თემატურ კითხვებს შორის;
  • მინიშნებებზე მუშაობამ დამარწმუნა კოლეგებთან თანამშრომლობის აუცილებლობაში;
  • დამაფიქრა "კარგი შეკითხვებისა  და მოდულების ჩამოყალიბების პროცესის" სქემამ. ჩემი აზრით, თუ ამ  საკითხებზე გამეორებით ვიმუშავებთ, უფრო საფუძვლიანად დავეუფლებით და ეფექტურადაც გამოვიყენებთ მათ;
როგორ გამოვიყენებ დღეს მიღებულ ცოდნას?

  • უკვე ვიცი, რით ვიხელმძღვანელო პროექტისთვის კითხვების შესარჩევად;
  • გეგმის შაბლონი (რომელზეც წინა ტრენინგებზეც  ვიმუშავეთ) დამეხმარება პროექტის ახლებური მოთხოვნების შესაბამისად შედგენაში;
  • შევძლებ შეფასების გეგმის შემუშავებას; ამ საქმეში აუცილებლად ჩავრთავ თვითონ მოსწავლეებს და გავითვალისწინებ კოლეგების რჩევებს.
ფიქრები ტრენინგის შემდეგ :


  • დღე იყო ძალიან საქმიანი, მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული;
  • ჯგუფის წევრების ჩართულობა  - მაქსიმალური;
  • ტრენერი - პროცესის კომპეტენტურად წარმმართველი;
  • მიუხედავად იმისა, რომ არავის გამოგვიხატავს უკმაყოფილება, არ გვიწუწუნია, მაინც მგონია, რომ ამ მოთხოვნებში არის ნიუანსები, რომლებმაც შეიძლება მომავალში პროტესტის გრძნობა თუ არა, უკმაყოფილება მაინც გამოიწვიოს. მეჩვენება (ამას მომავალი პრაქტიკული საქმიანობა გვიჩვენებს), რომ  ბევრი რამე დაწვრილმანებულია... 
  • ცუდი არაფერია იმაში, რომ უცხოელების გამოცდილებას ვეცნობით, მაგრამ გულუბრყვილობა ხომ არ არის იმის აღიარება, რომ სულზე მოგვისწრეს? რამდენი პროექტი მაქვს განხორციელებული მანამ, სანამ ამ ტრენინგზე მოვიდოდი! რამდენი ენერგია დავხარჯე, რამდენი სიხარული მივანიჭე ჩემს ბავშვებს  მუშაობისას, უშედეგოდ  არცერთხელ არ გვიმუშავნია, თუმცა არც "მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების სია" გვქონია და არც ამ შეკითხვების რუბრიკები სახელმძღვანელოდ... რასაც გული და გონება მკარნახობდა, იმას ვაკეთებდი...
  •  ქართველებს სამონასტრო წეს-განგებები რომ არ გვქონდა, გრიგოლ ხანძთელმა იერუსალიმიდან და საბერძნეთიდან ჩამოიტანა (ამაში არაფერია  დასაძრახი!), მაგრამ  "ჯერკუალი განაგდო"-ო, ამბობს მერჩულე. 
  • იქნებ, ცოტათი გავამარტივოთ ეს დავალებები, რომ მეტი დრო გვქონდეს შემოქმედებითი მუშაობისთვის და არც მოსწავლეს მობეზრდეს ამდენ კითხვაზე ფიქრი.
  • გამიგონია (ნამდვილობას ვერ დავიჩემებ), იაპონიაში  მასწავლებლად 14 წლის მუშაობის შემდეგ დაკითხვაზე მოწმედ არ მიიღებენ, რადგან მისი გონება გამოფიტულიაო. ჩვენ  მართლა ამტანები ვართ? 
  • მენანება, ახალგაზრდებს მასწავლებლობისკენ გული რომ არ ეწევათ...იქნებ დავფიქრდეთ მიზეზებზე!!!
  • მე მაინც, ცხოვრება რომ თავიდან დამაწყებინოთ, ჩემს პროფესიას ვერცერთზე ვერ გავცვლი -  მიყვარს და იმიტომ!!! 
  • პროექტებით სწავლება ჩემი ჰობია, მაგრამ ამ მასალების გაცნობამ შემაკრთო - გავუძლებ?!.



          

Saturday, February 20, 2016

მეორე მოდულის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების, განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:

  • მოდულზე მუშაობით მივხვდი, როგორ  გამოვიყენო  სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა პროექტის მიზნების შემუშავების დროს;
  • დავრწმუნდი, რომ თუ მოსწავლეებს მივცემ  საშუალებას, თვითონ შეარჩიონ პროექტის თემაც და მისაღწევი სტანდარტიც, ეს  იქნება მოტივაციისა და მაქსიმალური ჩართულობის  წინაპირობა;
  • მომეწონა, რომ მოსწავლეებმა თვითონ უნდა შეარჩიონ პრეზენტაციის ფორმები;
  • პროექტზე დაფუძნებული სწავლება მყარი  გარანტია  საკითხის ღრმად და საფუძვლიანად გააზრებისა.

რაზე დამაფიქრა 21-ე საუკუნის უნარ - ჩვევების ჩამონათვალმა?


  • არცერთი მათგანის განვითარება არ არის ადვილად მისაღწევი;
  • ახალი ადამიანის ჩამოყალიბება მხოლოდ სკოლის საქმე არ უნდა იყოს - ამაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს ოჯახი და საზოგადოება;
  • მიზანს უნდა მივაღწიოთ თანამშრომლობით, გუნდურობით და რუდუნებით ( "თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმევაო" ).

დღევანდელი ტრენინგით 


  • წინ გადავდგი ნაბიჯი საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ - ჩვევების საფუძვლიანად გაგება - გააზრებისათვის;
  • ახლა უკეთ შევძლებ დავეხმარო მოსწავლეებს ინფორმაციების მოპოვებასა  და ზუსტად გამოყენების უნარის განვითარებაში;
  • რაც შეეხება ეთიკურ - სამართლებრივ საკითხებს, მასზე მე და ჩემმა მოსწავლეებმა ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ.
  • ვისწავლე, როგორ გამოვიყენო განახლებული ბლუმის ტაქსონომია პროექტის თემის ან მიზნების სააზროვნო დონის შესაბამისად განსაზღვრისათვის.

მოდულზე მუშაობამ :


  • შემამზადა მოსალოდნელი სირთულეებისათვის;
  • გამხადა უფრო მოტივირებული, რადგან, რაც უფრო რთულია დავალება, მით მეტია სურვილი მისი დაძლევისა;
  • დამანახა შეფასების რუბრიკის შედგენაზე მოსწავლეებთან ერთად მუშაობის უპირატესობა;
  • ჩამინერგა რწმენა, რომ პროექტებით სწავლების დანერგვა დამეხმარება ესგ-ს სტანდარტებით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში.

ბოლოთქმასავით :

გმადლობთ, ბატონო დათო!
ასეთი მოტივირებული თქვენმა უშუალობამ, კონკრეტული საკითხების  კომპეტენტურად განხილვამ, მშვიდმა გარემომ (და შეგულიანებამაც!..) გამხადა...
მეტი რაღა უნდა ექნა 1 დღის 4-საათიან მუშაობას?!.

Sunday, February 14, 2016

პირველი მოდულის რეფლექსია

ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.

რა დამრჩა ტრენინგის ბოლოს?
გავაცნობიერე, რომ აქ ვისწავლი :

  • ისტ ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების მეთოდებს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისა და მოსწავლეთა შეფასებისათვის;
  • თუ გონივრულად ვიმუშავებ,შევძლებ პროექტების გამოყენებით მივაღწიო განსაზღვრულ შედეგებს;
  • გავიაზრებ, როგორ განუვითარებს პროექტი ჩემს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
როგორ ვიმუშავეთ?

  • შევქმენით პორტფოლიოში არსებული საქაღალდეები თითოეული მოდულის მასალების შესანახად (ძირითადად თვითონ გავართვით თავი, ცოტას ტრენერიც წაგვეშველა);
  • გავიცანით : პროექტის გეგმის შაბლონი, პორტფოლიოს რუბრიკა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშები, პორტფოლიოს ჩეკლისტი, სასწავლო პროექტების პორტფოლიოები (ვერ ვიტყვი, რომ ადვილია!);
  • განვიხილეთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები;
  • ყურადღება გავამახვილეთ რეფლექსიის მნიშვნელობაზე სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში.
რა მომწონს?

  • მოდულებზე მუშაობისას ბევრ მასწავლებელთან მომიწევს თანამშრომლობა;
  • პროექტებით სწავლებისას გაიზრდება მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობა(ისინი მიეჩვევიან პრობლემის იდენტიფიცირებასა და მისი გადაჭრისათვის აქტივობების თანმიმდევრულობის განსაზღვრას, რესურსების მოძიებასა და ეფექტურად გამოყენებას);
  • შეიცვლება საზოგადოების დამოკიდებულება ზოგადად განათლების სისტემისადმი.
რა დასკვნა გამოვიტანე?

კომპიტერული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დამეხმარება მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.

დღის შეფასება:

  • საქმიანი;
  • თანამშრომლობითი;
  • ხალისიანი (შევეცადეთ მოსალოდნელი რთული აქტივობები იუმორით შეგვემსუბუქებინა).
ტრენერის შეფასება :

  • კომპეტენტური, საქმის ერთგული და შედეგზე ორიენტირებული;
  • ძალიან თბილი, უშუალო (მეტი რაღა გვინდა პედაგოგებს?!)
      P.S. გაქრა შიში მისი შეუვალი, მკაცრი ხასიათის შესახებ.

რას ვისურვებდი მომავალი ტრენინგისათვის?

  • გაცნობის მიზნით ვისაუბროთ ჩვენი საქმიანობის შესახებ, გამოვთქვათ მოლოდინები და სურვილები;
  • დღის ბოლოს აუცილებლად შევაჯამოთ მუშაობა;
  • შესვენებისთვის გავითვალისწინოთ კოფე-ბრეიკი (თუ ინტელი არ ითვალისწინებს, ჩვენ თვითონ მოვაგვაროთ);
  • ერთად შევქმნათ პროექტი ნიმუშის სახით კონკრეტულ თემაზე.  














Saturday, February 13, 2016

მოლოდინი

.
გვითხრეს, დღევანდელი დღის რეფლექსია არ გევალებათო, მაგრამ არ უთქვამთ გეკრძალებათო, ამიტომ მინდა რამე დავწერო...
ეს არ არის რეფლექსია. მას ფიქრებს დავარქმევ... ფიქრებს შუაღამისას..
                                       
                                           რატომ მოვედი?
იმიტომ, რომ :

  • მიყვარს სიახლეები, მომწონს გამოწვევები და, როგორი რთულიც არ უნდა იყოს, ვიღებ ისეთს, როგორიც ის არის;
  • მინდა  რაც შეიძლება მეტი მოზარდი დავაინტერესო ჩემი საგნით და, რადგან ვხედავ, რომ წიგნს კონკურენტი გამოუჩნდა, მინდა ცოდნა მისი ეფექტურად გამოყენებით მივაღებინო (მარტივად რომ ვთქვათ, ისტ "ჩავაყენო განათლებით დაინტერესების სამსახურში"). ამისათვის ჯერ მე უნდა დავეუფლო მას კარგად;
  • იმედი მაქვს, აქ მიღებულ უნარ-ჩვევებს  მაქსიმალურად გამოვიყენებ საკლასო გარემოში;
  • და, ბოლოს, ვებრძვი ასაკს... კომპიუტერი ახალგაზრდობისთვის შექმნილი ჰგონიათ, მე კი მალე 60-ს გადავაბიჯებ...
                                             რას ველოდი?

გაცნობას; მოლოდინების გამხელას; დღის შეჯამებას..

                                             რა მოხდა?
არაფერი! არც გაცნობა, არც მოლოდინებზე საუბარი, მითუმეტეს, არც შეჯამება, მაგრამ მაინც დღე იყო საინტერესო და დამაფიქრებელი.

                                             გავიგეთ :

  • ტრენინგის მიზანი და ამოცანები;
  • აქტივობები და მისაღწევი შედეგები, ანუ საბოლოო პროდუქტები, რომლებმაც უნდა გადაწყვიტონ სერტიფიკატის ბედი;
  • მივიღეთ ინფორმაციები ინტელისა და ტრენინგის სხვა დამფინანსებლების შესახებ.
გასაკეთებელი ძალიან ბევრია და, ჩანს, არც ისე ადვილი, როგორც კომპიუტერში გაწაფულებს ჰგონიათ. მართალი გითხრათ, შრომატევადი და დაძაბული დღეები გველის წინ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვერ დავძლევ...


                                             ტრენერი?
ველოდი კოლხური ადათებით ნასაზრდოებ ადამიანს და ვნახე პიროვნება, რომელსაც დიახაც აქვს კოლხური ზნე და თვითმყოფადობა, მაგრამ ჭარბად აქვს დასავლური იდეოლოგიის გავლენა  (იქნებ, უბრალოდ მომეჩვენა?!)

დარწმუნებული ვარ, გვექნება საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული  შეხვედრები. ერთი სიტყვით, რუბიკონს გადავლახავთ!!!

     თუ ყველაფერი კარგად არის, რატომ განვმარტობდი საკუთარ თავთან შუაღამისას?
... "ეს მოკლავს ამას!" უმბერტო ეკოს "წიგნი თუ კომპიუტერი?" გამახსენდა. ნუთუ მართლა მოკლავს კომპიუტერი წიგნს? ეს ალბათ არ ნიშნავს  კაცობრიობის დასარულს, მაგრამ გვინდა ასე გაგრძელება? 
 წიგნი არ დაგვჭირდებაო, საწერი არ იქნებაო...მეტკინა. მონატრებისა იყო ეს ტკივილი ... "დედა ენა მომენატრა (იაკობის "დედა ენა")". იას მინდოდა მოვფერებოდი, ჩემი ცხოვრების ციცქნა მეგზურს, მერე იხვის ყელის ფერები ამეკვიატა, ეჟვანი აჟღარუნდა, მაუდის ფორმიანი ჩემი ძმა დამიდგა თვალწინ  (ახლა, რა თქმა უნდა, სასაცილოა), მერე წიგნიდან სკოლაში მიმავალმა წინსაფრიანმა და ბაფთიანმა ნათელამ შემომღიმილა... ეს ყველაფერი ვიღაცებისთვის სასაცილოა, ჩემი თაობისთვის კი, ნოსტალგია.
როგორ მიყოლებით გაქრნენ სახელმძღვანელოებიდან "ყაყიტას ქურდები", "მაგდანას ლურჯა", "ქაჯანა,""თინას ლეკური", აღარ იცრემლება ხევში გადაჩეხილი ღვინია... ჰოდა, ჩვენს ბავშვებს უკვირთ, ნოდარ დუმბაძის "კორიდაში" რატომ განიცდის ქართველი კაცი ხარის დამარცხებას ტორეადორთან. არ იციან რას ნიშნავდა მისი წინაპრისთვის ხარი და იმიტომ! არ ვასწავლოთ? არ წავაკითხოთ?
მონიტორს არა აქვს ის სითბო, რაც წიგნის ფურცლებს, კლავიატურა ვერ ჩააქსოვს შინაგან გრძნობებს ვორდის ფაილში! ეს ჯერ კალამმა უნდა გადაიტანოს შავით თეთრზე და მერე აიკრიფოს ციფრულად... ნეტა, დაწერდა ილია "ჩემო კალამოს" ,დღეს რომ ცოცხალი ყოფილიყო?
ილიას ხსენებაზე გამახსენდა, არც მთლად უწიგნობა ვარგა და არც მხოლოდ წიგნებიდამ გამოხედვაო, რომ ბრძანა. ჰოდა, არც მთლად უკომპიუტერობა ვარგა და არც მხოლოდ კომპიუტერით აზროვნება. ზომიერება გვმართებს ალბათ...
"მიყვარდა კითხვა და ამ კითხვამ გადამარჩინა" - ეს გრიშაშვილია... მისი "ინფორმაციული  ტექნოლოგია" მხოლოდ წიგნი იყო. ფიროსმანიც ფუნჯით ხატავდა, ინტერნეტქსელში არ უძებნია ფერები, მაგრამ მისი ტილოები მსოფლიომ ნახა. აღმაშენებელს ბრძოლის ველზე წიგნები მიჰქონდა. ჩვენ კი, კომპიუტერის თაობის უწიგნურებმა, მისი ქანდაკება გადავდგით და იმ ადგილას ველოსიპედის ძეგლი წამოვჭიმეთ. ვერ არის ეს კარგი საქმე, მე მგონი...
... "რომელი მეფე ერეკლე მე ვარ",  მუხრანი გამახსენდა უნებლიეთ... ჩვენი ქვეყნისთვის ერეკლე მეფე უნდა ვიყოთ თითოეული, თორემ... "მოვიდნენ ვარანგნი..."
ეს ისე, ჩემთვის...