Sunday, February 21, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით
დღეს :

  • დავამუშავეთ გონებრივი იერიშის კითხვები. პროცესი საინტერესო და მაპროვოცირებელი იყო  -  თავდაპირველად შევავსეთ რუბრიკის   რამდენიმე გრაფა., ხოლო  თეორიული მასალის გაცნობის შემდეგ შევამოწმეთ ჩვენ მიერ დასმული კითხვების შესაბამისობა ნასწავლთან. სასიამოვნოა, რომ  კითხვების უმეტესი ნაწილი სწორად მოგვიფიქრებია.
  • განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ თემაზე "მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები".
რა მომცა ამ დოკუმენტმა?


  • მივხვდი მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების დანიშნულებას;
  • გავაცნობიერე ზოგადი შეკითხვის არსი;
  • ნაწილობრივ ჩავწვდი  მათ არსში და გავაცნობიერე განსხვავება ზოგადსა და თემატურ კითხვებს შორის;
  • მინიშნებებზე მუშაობამ დამარწმუნა კოლეგებთან თანამშრომლობის აუცილებლობაში;
  • დამაფიქრა "კარგი შეკითხვებისა  და მოდულების ჩამოყალიბების პროცესის" სქემამ. ჩემი აზრით, თუ ამ  საკითხებზე გამეორებით ვიმუშავებთ, უფრო საფუძვლიანად დავეუფლებით და ეფექტურადაც გამოვიყენებთ მათ;
როგორ გამოვიყენებ დღეს მიღებულ ცოდნას?

  • უკვე ვიცი, რით ვიხელმძღვანელო პროექტისთვის კითხვების შესარჩევად;
  • გეგმის შაბლონი (რომელზეც წინა ტრენინგებზეც  ვიმუშავეთ) დამეხმარება პროექტის ახლებური მოთხოვნების შესაბამისად შედგენაში;
  • შევძლებ შეფასების გეგმის შემუშავებას; ამ საქმეში აუცილებლად ჩავრთავ თვითონ მოსწავლეებს და გავითვალისწინებ კოლეგების რჩევებს.
ფიქრები ტრენინგის შემდეგ :


  • დღე იყო ძალიან საქმიანი, მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული;
  • ჯგუფის წევრების ჩართულობა  - მაქსიმალური;
  • ტრენერი - პროცესის კომპეტენტურად წარმმართველი;
  • მიუხედავად იმისა, რომ არავის გამოგვიხატავს უკმაყოფილება, არ გვიწუწუნია, მაინც მგონია, რომ ამ მოთხოვნებში არის ნიუანსები, რომლებმაც შეიძლება მომავალში პროტესტის გრძნობა თუ არა, უკმაყოფილება მაინც გამოიწვიოს. მეჩვენება (ამას მომავალი პრაქტიკული საქმიანობა გვიჩვენებს), რომ  ბევრი რამე დაწვრილმანებულია... 
  • ცუდი არაფერია იმაში, რომ უცხოელების გამოცდილებას ვეცნობით, მაგრამ გულუბრყვილობა ხომ არ არის იმის აღიარება, რომ სულზე მოგვისწრეს? რამდენი პროექტი მაქვს განხორციელებული მანამ, სანამ ამ ტრენინგზე მოვიდოდი! რამდენი ენერგია დავხარჯე, რამდენი სიხარული მივანიჭე ჩემს ბავშვებს  მუშაობისას, უშედეგოდ  არცერთხელ არ გვიმუშავნია, თუმცა არც "მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების სია" გვქონია და არც ამ შეკითხვების რუბრიკები სახელმძღვანელოდ... რასაც გული და გონება მკარნახობდა, იმას ვაკეთებდი...
  •  ქართველებს სამონასტრო წეს-განგებები რომ არ გვქონდა, გრიგოლ ხანძთელმა იერუსალიმიდან და საბერძნეთიდან ჩამოიტანა (ამაში არაფერია  დასაძრახი!), მაგრამ  "ჯერკუალი განაგდო"-ო, ამბობს მერჩულე. 
  • იქნებ, ცოტათი გავამარტივოთ ეს დავალებები, რომ მეტი დრო გვქონდეს შემოქმედებითი მუშაობისთვის და არც მოსწავლეს მობეზრდეს ამდენ კითხვაზე ფიქრი.
  • გამიგონია (ნამდვილობას ვერ დავიჩემებ), იაპონიაში  მასწავლებლად 14 წლის მუშაობის შემდეგ დაკითხვაზე მოწმედ არ მიიღებენ, რადგან მისი გონება გამოფიტულიაო. ჩვენ  მართლა ამტანები ვართ? 
  • მენანება, ახალგაზრდებს მასწავლებლობისკენ გული რომ არ ეწევათ...იქნებ დავფიქრდეთ მიზეზებზე!!!
  • მე მაინც, ცხოვრება რომ თავიდან დამაწყებინოთ, ჩემს პროფესიას ვერცერთზე ვერ გავცვლი -  მიყვარს და იმიტომ!!! 
  • პროექტებით სწავლება ჩემი ჰობია, მაგრამ ამ მასალების გაცნობამ შემაკრთო - გავუძლებ?!.



          

No comments:

Post a Comment